Monday, March 21, 2016

მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილის ინოვაცია მდგომარეობს სწავლებისადმი ერთდროულად კომპლექსურ, ინტეგრირებულ-ინტერაქტიურ მიდგომებში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების: სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მდგენელი ელემენტების ერთდროულად აღქმა-გააზრებაში სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებისათვის.
მუზეუმში ჩატარებული მეცადინეობის მიზანი: მოსწავლეები ეცნობიან, იქმნიან ზოგად წარმოდგენას დეკორატიული ქსოვის ისტორიის, სხვადასახვა ქვეყნებისა და საქართველოს რეგიონების ფარდაგებისა და ხალიჩების შესახებ, უცხოურ და თანამედროვე ქართულ გობელენზე და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობებზე;

გაკვეთილი ეხმარება მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისდეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობათა განსხვავებულობათა გაცნობაში და დაფიქსირებაში.
      თეთრიწყაროს N 2 საჯარო სკოლაში ხელოვნების და ეტნო -მუზეუმში  ჩატარებული ერთ-ერთი გაკვეთილი 2013 წლის 20 სექტემბერს წარიმართა შემდეგი სცენარით:

საორგანიზაციო მომენტი:

 აღრიცხვა;

 მზადება გაკვეთილისათვის, მუზეუმში ქცევის ნორმების შეხსენება.

გაკვეთილის მსვლელობა:

 პედაგოგის შესავალი საუბარი;

 სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერება მასწავლებელ -გიდით მონაწილეობით, პედაგოგისა თანხლებით;

 ნანახისა და მოსმენილის ანალიზი, მიღებული შთაბეჭდილებების ურთიერთგაზიარება;

 გაკვეთილის ღირებულებითი შეფასება.

მუზეუმში ჩატარებული ინტეგრირებულ-ინტერაქტიური კომპლექსური გაკვეთილის თემაა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირგვარობა, ნაკეთობათა (ფარდაგების, ხალიჩების, გობელენების, ნაქარგობების, თექის, ნახატების, კერამიკის) შექმნა-დამუშავების ხერხები და მეთოდები, გამოყენებული მასალები (მატყლი, აბრეშუმი, ხე, მინა, ლითონი, სპილოს ძვალი, ბუნებრივი ქვა და სხვ.), ფერების შერჩევა-მისადაგების თავისებურებები და პრაქტიკული განხორციელების საშუალებები. გაკვეთილის ქვეთემებია:

 დეკორატიული ქსოვის ჩასახვა-განვითარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მაგალითებზე;

 ქართული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მნიშვნელობა თანამედროვე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარებაში;

 ფარდაგ-ხალიჩები საქართველოს ბარსა და მთაში;

 სხვადასხვა ქვეყნების ფარდაგები და ხალიჩები. მათი განსხვავება ქსოვისას გამოყენებული მასალების, კოლორიტისა და გეომეტრიული ორნამენტის მიხედვით;

 გობელენი და მისი ქსოვის ისტორია;

 თანამედროვე ქართული გობელენი;

 ზოგადი ცნობები დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობათა შესახებ: სახვითი ხელოვნება, ხის დეკორატიული დამუშავება; კერამიკა; ლითონი; დეკორატიული მინა; ქვა, თექა; ხელით ქსოვა და ქარგვა, მაქმანები;
გაკვეთილი დაიწყო პედაგოგის შესავალი საუბრით, რის შედეგადაც გაიმართა მრავალმხრივ საინტერესო მსჯელობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფარდაგ-ხალიჩებისა და თანამედროვე ქართული გობელენის წარმოების საკითხებზე. ქართული ორნამენტის შესახებ, და მსოფლიოს ორნამენტზე.
გაკვეთილის შედეგი: ინტეგრირებულ-ინტერაქტიური გაკვეთილით მოსწავლეებმა პირველყოვლისა, მიიღეს მრავალფეროვანი და ტევადი ინფორმაცია დეკორატიულ ხელოვნების მდგენელების შესახებ, განუმტკიცდათ შეძენილი თეორიული ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები საექსპონატო მასალებში დაცული საინტერესო დეტალებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ხელოვნების, დეკორატიული ქსოვის სტილისა და კოლორიტის თავისებურებებზე დაკვირვების შედეგით მიღებული დასკვნებით;
მოსწავლეები გაეცვნენ დეკორატიული ქსოვის ისტორიის შესაბამის მონაკვეთს, დაათვალიერეს საგამოფენო ექსპონატები და ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნებისა საქართველოს რეგიონების მაგალითზე ფარდაგების, ხალიჩების, კერამიკას, უცხოური და თანამედროვე ქართული დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების შესახებ; მიიღეს ინფორმაცია ჩვენამდე მათი მოღწევის თაობაზე; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამედროვე ქართველი გობელენისტების, აწ განსვენებულ გივი ყანდარელისა და ცისანა მირინდაშვილის მიერ შექმნილ დეკორატიული ქსოვის ხელოვნების ნიმუშებზე, მათი შესრულების ხერხებსა და მეთოდებზე; დიდი ინტერესით დაათვალიერეს უცნობი ძველი მქსოველებისა და მქარგველების ნამუშევრები და უფრო ღრმად გაერკვნენ ამ ექსპონატებზე ასახულ კოლორიტში, ფერთა შეხამებაში, კომპოზიციაში და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობებზე. აგრეთვე დაათვალიერეს გამოყენებითი ხელოვნების ისეთი მიმართულებების სამუზეუმო ექსპონატები, როგორიცაა: სახვითი ხელოვნება, ხის, მინის, ქვისა და ლოთონის მხატვრული დამუშავება; სხვადასხვა სახელოსნოების მაკეტები.
გაკვეთილის პროცესში წამოიჭრა მრავალი კითხვა,რომლები იმსჯელეს და იპოვეს პასუხები.

მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილის ღირებულებითი შეფასება: მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილი ხელს უწყობს სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებას, ახალი ინფორმაციის ათვისებას, გამოყენებითი ხელოვნებისადმი პატივისცემის გრძნობის გამომუშავებას; ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურისა და ადამიანის შრომის მიმართ, შემოქმედებითი აზროვნების, ფერის შეგრძნების, წარმოსახვის, მხატვრული გემოვნების, ხედვების, დაკვირვების, მხედველობითი მეხსიერების ფორმირებას.
მოსწავლებმა შეიძინეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფარდაგებისა და ხალიჩების დეკორატიული ქსოვის სტილისა და კოლორიტის მიხედვით გარჩევისა და აგრეთვე, თანამედროვე ქართული და უცხოური გობელენებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობების გარჩევის უნარი.


მოპოვებული ფოტომასალის პრაქტიკული გამოყენების მიზნით, პრაქტიკული სწავლების დროს პედაგოგის მიერ შერჩეული ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე დამზადდა სხვადასხვა სახის ნამუშევრები: პანოები, ჩანთები, ქამრები, საფულეები, ბალიშის პირები. აღნიშნული ნამუშევრები გამოიფინა კაბინეტში.

მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილების ჩატარების რეკომენდაციები:

როდის არის რეკომენდებული გასვლითი კომპლექსური ინტეგრირებულ-ინტერაქტიურ გაკვეთილის ჩატარება მუზეუმში?

გასვლითი გაკვეთილი რეკომენდებულია ჩატარდეს სწავლების დაწყებიდან არაუადრეს ერთი თვისა. სწავლების ამ პერიოდისათვის მოსწავლეებს მიღებული ექნებათ ზოგადი წარმოდგენა დ-გ ხელოვნების შესახებ.


რატომ არის საინტერესო და სასარგებლო მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილები?

მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი შეუზღუდავია, სახალისოა და სტიმულის მიმცემია შემდგომი სწავლებისათვის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და სოციალური კატეგორიის მოსწავლებს;

მუზეუმში დაცული მრავალფეროვანი, ულამაზესი და უზადოდ შესრულებული ექსპონატებით ხდება ვიზუალიზაცია, პოზიტიური ფსიქო-ემოციური გარემოს სასიკეთო ზემოქმედების უზრუნველყოფა, მოზარდებში ინტერესის გაღვიძება და ზრდასრულთა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, საგანის შესწავლის მიმართ მისწრაფების ფორმირება.

მოქმედებს თუ არა მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი სწავლების ხარისხზე?

მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილის დროს მიღებული შტაბეჭდილებები და მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ფოტომასალების გამოყენება სწავლების შემდგომ ეტაპებზე იწვევს არა მარტო სწავლების მოტივაციის ხელშეწყობას, არამედ სწავლის ხარისხის ზრდასაც. სასწავლო პრაქტიკის დროს მოსწავლეები იხსენებენ მუზეუმში ნანახ ექსპონატებს და დამოუკიდებელი სამუშაოების შესრულების დროს ცდილობენ გამოიყენონ ესა თუ ის ხერხი; ისინი დამოუკიდებლად ქმნიან პატარ-პატარა ფერწერულ კომპოზიციებს მუზეუმში ნანახი ფარდაგის ან გობელენის რომელიმე დეტალის ან მოტივის გამოყენებით, რომელიც შემდგომ გადააქვთ თავიანთ ნამუშევრებში.

No comments:

Post a Comment